Article 63. ზოგადი დებულებანი
1. რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება. 2 1 . აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა. 2 2 . აკრძალულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის შესახებ რეკლამა, სასპონსორო განცხადება და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება. 2 3 . აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ადვილად ამოსაცნობი უნდა იყოს. ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია აკრძალულია. 2 4 . რეკლამაში ნებისმიერი სახით ომის პროპაგანდა აკრძალულია. 2 5 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ან ასაკის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას ან/და ასეთი დისკრიმინაციის წახალისებას. 2 6 . რეკლამა, რომელიც შეიცავს პორნოგრაფიას, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2 7 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს იმ ქცევის წახალისებას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. 2 8 . აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ახდენს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საშიში ქცევის წახალისებას. [ 2 9 . აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის საჭიროებისა და ხელმისაწვდომობის, ადამიანის ორგანოს დონაციის, აგრეთვე ადამიანის ორგანოს გადანერგვის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებისა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის რეკლამა, გარდა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებებისა, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს სოციალური რეკლამის საშუალებითაც. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 2 10 . დაუშვებელია ისეთი რეკლამის, ტელეშოპინგის ან სასპონსორო განცხადების განთავსება ან პროგრამაში ისეთი პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ამ პუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
