საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 107. საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი
დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ: ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე; ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ; გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის ან გამომძიებლის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის; დ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან წინათ უწევდა პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის ინტერესებს, რომლის წარმომადგენელიც ის არის; ე) დასაცავი პირი (მარწმუნებელი) უარს ამბობს დაცვაზე (წარმომადგენლობაზე) და უარი მიღებულია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
