Article 21. საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მისი შრომის ანაზღაურება
1. სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან/და გამართლებულის ან მისი წარმომადგენლის ან/და ახლო ნათესავის მიმართვის საფუძველზე; ბ) პროცესის მწარმოებელი ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვის საფუძველზე.
2. ბრალდებულს, მსჯავრდებულს ან/და გამართლებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საზოგადოებრივ ადვოკატს და მოიწვიოს იგი. პროცესის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე უზრუნველყოს საზოგადოებრივი ადვოკატის საქმეში ჩართვა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. 2 1 . საზოგადოებრივი ადვოკატის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ჩართვას უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი: ა) უშუალოდ იმ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, რომელიც ითხოვს იურიდიულ დახმარებას; ბ) სასამართლოს დასაბუთებული განჩინების საფუძველზე.
3. იურიდიული დახმარების ბიურო, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრი დაუყოვნებლივ განიხილავს პირის მიმართვას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით, არკვევს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს, და 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის ან მის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის შესახებ.
