საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 145. დაკავების წესი
1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და ასევე აცნობოს, რომ მას აქვს დამცველის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ სასამართლოში. დაუშვებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთებულ იქნა დაკავებული პირის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე.
2. პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი ვალდებულია, დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
3. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს ამ კოდექსით დადგენილი წესით უფლება აქვს ჩაატაროს ჩხრეკა, რაზედაც კეთდება აღნიშვნა დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში, ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება.
