საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 170. პირადი თავდებობა
1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.
2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამდგომლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
