საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 171. არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა
1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.
2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა და თავად არასრულწლოვნის თანხმობით.
3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.
4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე ავადმყოფობის, ოჯახში ურთიერთობის გაუარესების, სხვა მიზეზების გამო, რომლებიც გამორიცხავენ არასრულწლოვნის სათანადო ქცევის შესაძლებლობას.
5. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომლიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს მეთვალყურეობაში გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.
