საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 225. უკანონო ან დაუსაბუთებელი საპროცესო მოქმედების შედეგად რეაბილიტირებულისა და დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება
1. პუბლიკაცია სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციის ყველა შემთხვევის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.
2. მოსამართლე, პროკურორი ან გამომძიებელი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის შესახებ, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის თაობაზე საწარმოს, დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის ადმინისტრაციასა და შრომით კოლექტივს, სადაც მუშაობდა ან სწავლობდა რეაბილიტირებული.
3. თუ ცნობები დაკავების, დაპატიმრების, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, სხვა იძულებითი მოქმედების, ბრალდების შინაარსისა და გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, ისინი ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ ინფორმაცია რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ.
4. ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის შესახებ, რეაბილიტირებულს აძლევს მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
