საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 227. რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საპროცესო წესი
1. თუ არსებობს მონაცემები, რომ ზიანი მიყენებულია გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად, პირს, რომელსაც თავი დაზარალებულად მიაჩნია, უფლება აქვს საჩივარი შეიტანოს სასამართლოში წინასწარი გამოძიების დამთავრებამდე. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მომჩივნისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომლის მოქმედებაც საჩივრდება. მოსამართლის დადგენილება უნდა შეიცავდეს მიყენებული ზიანის სახეობისა და ოდენობის დასაბუთებულ მითითებას და მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ, ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთებას.
2. მოსამართლეს, რომელმაც წინასწარი გამოძიების დროს განიხილა საჩივარი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, უფლება არა აქვს შემდგომში განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც შეტანილი იყო საჩივარი. მოსამართლის დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას.
