საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 318. შუამდგომლობა ამოღების ან ჩხრეკის ჩასატარებლად მოსამართლის ბრძანების გაცემის შესახებ
1. თუ არსებობს ამოღების ან ჩხრეკის საფუძველი, პროკურორმა ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელმა მოტივირებული შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს წინასწარი გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის თაობაზე მოსამართლის ბრძანების მისაღებად.
2. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს: სად ან ვისთან უნდა მოხდეს ამოღება ან ჩხრეკა; იმ საგნისა და დოკუმენტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის და რომელთა ამოღებაც უნდა მოხდეს; მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას; ბრძანების შესასრულებლად გამოთხოვილი ვადა; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელსაც ევალება ბრძანების შესრულება.
3. შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმის მასალები მოსამართლეს უნდა წარედგინოს 290-291-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213
