საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 363. კომპლექსური ექსპერტიზა
1. თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ცოდნის ერთი ან სხვადასხვა დარგისა თუ სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინის ფარგლებში რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებით, უნდა დაინიშნოს კომპლექსური ექსპერტიზა.
2. კომპლექსური ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტები თავიანთი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებში აყალიბებენ დასკვნებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა დასადგენადაც დაინიშნა ექსპერტიზა.
3. კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტს აქვს ამ სისხლის სამართლის საქმის ექსპერტის სტატუსი. თითოეული მათგანი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად, აკისრია პასუხისმგებლობა მის გამო და იძლევა დასკვნას მხოლოდ თავისი სამეცნიერო კომპეტენციის ფარგლებში. ექსპერტს უფლება არა აქვს ხელი მოაწეროს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სცილდება მისი მეცნიერული კომპეტენციის ფარგლებს.
4. თუ ექსპერტიზა დავალებული აქვს საექსპერტო დაწესებულებას, კომპლექსური გამოკვლევის ორგანიზაცია ეკისრება მის ხელმძღვანელს.
