1.სააპელაციო საჩივარი უნდა იყოს დასაბუთებული. მასში აღინიშნება: ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი; ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საპროცესო მდგომარეობა; გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, მისი გამოტანის თარიღი; დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი; ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება მათი მცდარობა; ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი; ზ) მტკიცებულება, მათ შორის, ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ; თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები.
2.სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს.
3.თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს დროს 5 დღის ვადით საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ამავე მიზნით ნიშნავს დამცველს. თუ აპელანტი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი არ განიხილება, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4.აპელანტს უფლება აქვს სათათბირო ოთახში შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საჩივრის განმეორებით შეტანა არ დაიშვება, ხოლო სასამართლოს მიერ ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
5.მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
6.სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია დანიშნული სასჯელი შეამციროს არა უმეტეს ერთი მეოთხედით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89





