საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 679^10. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მიმართ
1. თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე, ან ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი იდენტიფიცირება, პროცესის მწარმოებელი პირი დაუბრკოლებლად ადგენს საპროცესო მოქმედების ოქმს, რომელშიც შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი (სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა თავისებურება), რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება (ოქმს უნდა დაერთოს ფოტოსურათი). ამასთანავე, საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებებისას. პირობითი სახელი არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი შინაარსისა.
