1.საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ საჯარო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს დახურული სასამართლო სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძველი. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში. სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და რომ ბრალდებულს (განსასჯელს) ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
2.საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს რომ: ა) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი; ბ) ბრალდებული (განსასჯელი) სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; გ) ბრალდებულისთვის (განსასჯელისთვის) ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; დ) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას; ე) ბრალდებული (განსასჯელი) აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები: ე.ა) დაცვის უფლება; ე.ბ) უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; ე.გ) უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე; ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს; ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; თ) ბრალდებულსა და პროკურორს შორის არსებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში; ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. 2 1 . საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე სასამართლო ვალდებულია უშუალოდ ბრალდებულისაგან დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის მიმართ პოლიციელების ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მოსამართლე აგრეთვე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანურ ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
3.მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს პროკურორსა და ბრალდებულს (განსასჯელს) შორის მიღწეული შეთანხმება.
4.სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის შესახებ სასამართლო განხილვის მიმდინარეობა სიტყვასიტყვით უნდა დაფიქსირდეს წერილობით ოქმში. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №214 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368





