საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 679^4. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
1. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ან საბრალდებო დასკვნის გადასაწყვეტად პროკურორისთვის საქმის უკან დაბრუნების თაობაზე.
2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საკითხს იხილავს შესაბამისი სასამართლო სისხლის სამართლის საქმის განსჯადობის მიხედვით.
3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის (განსასჯელის) მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება და კანონიერია თუ არა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, ასევე რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია, მას გამოაქვს განაჩენი პროკურორის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში. განაჩენს ხელს აწერს საქმის განმხილველი მოსამართლე (სასამართლო შემადგენლობა).
5. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებანი, ან დაადგენს, რომ შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, იგი საქმეს უბრუნებს პროკურატურას საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლო, პროკურატურისათვის საქმის უკან დაბრუნების ნაცვლად, მხარეებს თავდაპირველად სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
