Article 91. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ
1. თუ მსჯავრდებულმა (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს.
2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.
3. საბჭო საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად დაშვების შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის შესახებ მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.
