1.დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.
2.დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.
3.დამცველს უფლება აქვს: ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი; ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფს ბრალდებას ან ამსუბუქებს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას; დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებაში და მის დაკითხვებში; ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაქციოს ამ უფლებათა დარღვევას; ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს; ზ) სასამართლოს მიმართოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით; თ) განაცხადოს აცილება; ი) განაცხადოს შუამდგომლობა; კ) გაეცნოს ეჭვმიტანილის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, ჩვენებას, ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებას, დაკავების ოქმს და ამოიწეროს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ შეეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს; ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას; მ) გაასაჩივროს პროკურორთან გამომძიებლის მოქმედება და დადგენილება, ხოლო საჩივრის უარყოფისას ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოძიების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გაასაჩივროს გამომძიებლის ან/და პროკურორის დადგენილება, რომელიც, მისი აზრით, არღვევს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას; ნ) გამოვიდეს სასამართლოში გამომძიებლის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ, აგრეთვე ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვისას; ო) საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოში გადაგზავნის შემდეგ გაეცნოს საქმის მთელი მასალის ასლს და ნივთიერ მტკიცებულებებს; პ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი; ჟ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები; რ) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, განსასჯელის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს); ს) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი; ტ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას ბრალდების მხარის მოქმედებებზე, რომლებიც, მისი აზრით, უკანონოა, და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში; უ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის; ფ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას; ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები. 3 1 . თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.
4.დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.
5.თუ დამცველი დათქმულ დროს არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №980 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.85 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №398 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.125 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2359 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.375 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 თავი XII სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენლები






