საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 104. ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტის , დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა
1. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
2. თუ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით ან არ ახორციელებს მას საერთოდ, ან სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგული ან/და განადგურებულია, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მაშინ საგადასახადო ორგანოს გადასახადის ოდენობის დადგენის მიზნით უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს არსებული მასალების საფუძველზე შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).
3. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
4. პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების რეალიზაციას ახორციელებს უპირატესად ნაღდი ანგარიშსწორებით, გადასახადის გადახდისას იყენებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებულ წესებს. აღნიშნული წესები არ ვრცელდება იმ გადასახადის გადამხდელზე, რომელიც მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია განახორციელოს ან ნებაყოფლობით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დარიცხვის მეთოდით, აგრეთვე იმ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
