საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 113. გასვლითი საგადასახადო შემოწმება
1. გასვლითი საგადასახადო შემოწმებით გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილზე გადასახადის გამოანგარიშებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრული ან შერჩევით შემოწმება. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება მოიცავდეს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებსაც.
2. გასვლითი საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას უნდა დაერთოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების პროცესში შესასრულებელ იმ მოქმედებათა ჩამონათვალი, რომლებიც შემოწმების პროგრამითაა გათვალისწინებული.
3. გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
4. გასვლითი საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს გეგმური ან საკონტროლო.
5. გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფროსის / მისი მოადგილის გადაწყვეტილებით , კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს ერთხელ , რის თაობაზედაც გადასახადის გადამხდელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა , ხოლო შემოწმება უნდა დაიწყოს გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა . იმ შემთხვევაში , თუ აღნიშნულ ვადაში დასაბუთებული მიზეზებით შეუძლებელი ხდება შემოწმების დაწყება , შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე ეცნობება გადამხდელს . შეტყობინებაში უნდა მიეთითოს გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძველი და საგანი , ასევე შემოწმების ჩატარების სავარაუდო დრო .
