1.დისტრიბუტორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2.დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ იმ სამშენებლო პროდუქტის განთავსება, რომელზეც დატანილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნიშანდება და თან ერთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დისტრიბუტორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ აღნიშნული სამშენებლო პროდუქტის მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, არ განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს, ან არ მოხდება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შესაბამისი შესწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსა და შესაბამის შემთხვევებში, იმპორტიორს.
3.დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4.დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები რათა პროდუქტი მოიყვანოს აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. აუცილებლობის შემთხვევაში, დისტრიბუტორი ვალდებულია, შეუსაბამო სამშენებლო პროდუქტი ამოიღოს ან გამოითხოვოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.
5.დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ამისათვის გათვალისწინებულ ენაზე, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.






