For information only — not legal advice.
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
3. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის მფლობელი საბაჟო ორგანოს თანხმობით ნებისმიერ დროს ამოწმებს საქონელს და იღებს მის სინჯს ან/და ნიმუშს, მათ შორის, საქონლის კლასიფიკაციისთვის, მისი საბაჟო ღირებულების ან საბაჟო სტატუსის განსაზღვრისთვის.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
5. ტრანზიტის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე, რომელიც დანიშნულების საბაჟო ორგანოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე წარედგინა, ვრცელდება ამ კოდექსის 74-ე−78-ე მუხლები. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი