ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 138. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა
1. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას ზედამხედველობს სამინისტრო ამ კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, კომისიასთან და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) ელექტროენერგიის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; ბ) ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საპროგნოზო დონე და დაგეგმილი ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; გ) ქსელის ხარისხი და მოვლა-პატრონობის დონე; დ) პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და ერთი ან ერთზე მეტი მიმწოდებლისთვის ელექტროენერგიის დანაკლისის აღმოფხვრა.
2. სამინისტრო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე ამზადებს და აქვეყნებს ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.
