„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 20. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის
1. შრომითი ნორმების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება: ა) „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით; ბ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. შრომის უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა სპეციალური კანონით. საკითხები, რომლებიც არ წესრიგდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან სხვა სპეციალური კანონით, რეგულირდება ამ თავით.
3. შრომითი ნორმების დარღვევისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.
4. შრომის ინსპექციის სამსახური სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში განსაზღვროს, როდის რომელი ადმინისტრაციული სახდელი უნდა იქნეს გამოყენებული, ხოლო ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში − რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული. ადმინისტრაციული სახდელი დარღვევის თანაზომიერი უნდა იყოს.
5. შრომის ინსპექციის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.
6. აღმოჩენილი დარღვევის გამოსწორებისთვის გონივრულ ვადას შრომის ინსპექციის სამსახური განსაზღვრავს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებასთან (არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელთან (არსებობის შემთხვევაში) კონსულტაციის საფუძველზე, რაც აღინიშნება შესაბამის ოქმში. ამ ოქმს ხელს აწერენ შრომის ინსპექციის სამსახური და დამსაქმებელი. შესაბამისი ოქმის ხელმოწერაზე დამსაქმებლის უარს და უარის თქმის მიზეზს შრომის ინსპექციის სამსახური აღნიშნულ ოქმში უთითებს. დამსაქმებლის უარი ამ ოქმის ნამდვილობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
