მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ
Article 25. მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა
1. ნებისმიერ შემთხვევაში უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია შემდეგი მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა: # ა) სანდოობის ნიშნის, ხარისხის ნიშნის ან სხვა, მსგავსი ნიშნის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილების არსებობის გარეშე განთავსება; ბ) ცრუ მითითება, რომ ქცევის კოდექსი საჯარო ან სხვა ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული; გ) იმის მტკიცება, რომ მოვაჭრეს (მის კომერციულ საქმიანობას) ან საქონელს ან მომსახურებას საჯარო ორგანოსგან ან კერძო პირისგან მიღებული აქვს თანხმობა, ნებართვა, ლიცენზია, ავტორიზაცია, აკრედიტაცია და სხვა, მათი არარსებობის შემთხვევაში, ან მტკიცება იმისა, რომ თანხმობის, ნებართვის, ლიცენზიის, ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სხვათა მიღებისთვის სავალდებულო პირობები შესრულებულია, თუ ეს პირობები შესრულებული არ არის; დ) საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე, რომლის საფუძველზედაც მოვაჭრე ვარაუდობს, რომ თავად ან სხვა მოვაჭრის საშუალებით ვერ შეძლებს ამ საქონლის ან მომსახურების ან მსგავსი საქონლის ან მომსახურების იმ დროში, იმ რაოდენობითა და იმ ფასად მიწოდებას, რომლებიც აღნიშნული საქონლიდან ან მომსახურებიდან, რეკლამირების მასშტაბიდან და შეთავაზებული ფასიდან გამომდინარეობს (შეცდომაში შემყვანი რეკლამა); ე) საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება და შემდეგ მომხმარებლისთვის რეკლამირებული საქონლის ჩვენებაზე ან შეკვეთის მიღებაზე ან მის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე უარის თქმა ან/და ნაკლის მქონე საქონლის ნიმუშის დემონსტრირება სხვა საქონლის გაყიდვის ხელშეწყობის განზრახვით; ვ) ცრუ განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ან მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება ან/და განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში, იმ მიზნით, რომ მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და მას არ მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად; ზ) განაცხადის გაკეთება ან შთაბეჭდილების შექმნა, რომ შეიძლება კანონით აკრძალული საქონლის ან მომსახურების გაყიდვა; თ) მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების შესაძლებლობის ისე წარმოჩენა, თითქოს ეს მოვაჭრის კეთილი ნება და შეთავაზების განსაკუთრებული პირობაა; ი) ცრუ მტკიცება იმ რისკის სახეობისა და მასშტაბის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის ან მისი ოჯახის პირად უსაფრთხოებასთან, თუ მომხმარებელი საქონელს ან მომსახურებას არ შეიძენს; კ) ისეთი პირამიდული სქემის ჩამოყალიბება ან მართვა ან მისი განვითარების ხელშეწყობა, რომელშიც მომხმარებელს უჩნდება მოლოდინი, რომ იგი ფინანსური სარგებლის უმეტეს წილს მიიღებს არა საქონლის ან მომსახურების გაყიდვით ან მოხმარებით, არამედ პირამიდულ სქემაში სხვა მომხმარებლების ჩართვით; ლ) განაცხადის გაკეთება, რომ მოვაჭრე აპირებს ვაჭრობის შეწყვეტას ან ადგილმდებარეობის შეცვლას, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება; მ) ცრუ მტკიცება, რომ საქონელს ან მომსახურებას შეუძლია დაავადებისგან ან დისფუნქციისგან განკურნება ან განვითარების ნაკლის გამოსწორება; ნ) ბაზრის პირობების ან საქონლის ან მომსახურების მოძიების შესაძლებლობის შესახებ არსებითად არასწორი ინფორმაციის გავრცელება იმ მიზნით, რომ მოვაჭრემ მომხმარებელი საქონლის ან მომსახურების ბაზრის პირობებზე ნაკლებად ხელსაყრელი პირობით შეძენაზე დაიყოლიოს; ო) კონკურსის გამოცხადება ან ჯილდოს საჯაროდ დაპირება შემდგომ ჯილდოს ან მისი გონივრული ეკვივალენტის გადაცემის გარეშე; პ) განაცხადის გაკეთება, რომ საქონელი ან მომსახურება უსასყიდლოდ არის შეთავაზებული, თუ მომხმარებელს, საქონლის ან მომსახურების მიღებისთვის ან ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების გარდა, დამატებითი თანხის გადახდა უწევს; ჟ) მარკეტინგულ მასალაში ანგარიშფაქტურის/ზედნადების ან გადახდის დამავალდებულებელი სხვა დოკუმენტის ჩადება, რაც მომხმარებელს შეუქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ მან საქონელი ან მომსახურება შეუკვეთა, მაშინ, როდესაც ის მას არ შეუკვეთია; რ) ცრუ განაცხადის გაკეთება ან შთაბეჭდილების შექმნა, რომ მოვაჭრე არ მოქმედებს სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან პროფესიული მიზნით, ან მოვაჭრის მიერ თავის მომხმარებლად გასაღება; ს) მომხმარებლისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა, რომ შესყიდვისშემდგომი მომსახურება სხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი; ტ) მოვაჭრის დაკვეთით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქონლის ან მომსახურების იმგვარად რეკლამირება, რომ რეკლამის შინაარსით, გამოსახულებით ან ხმით რეკლამის ამოცნობა მომხმარებლისთვის შეუძლებელი იყოს; უ) მწარმოებლის მიერ სხვა მწარმოებლის საქონლის ან მომსახურების მსგავსი საქონლის ან მომსახურების განზრახ იმგვარად რეკლამირება, თითქოს ეს საქონელი ან მომსახურება იმავე მწარმოებლის მიერ არის წარმოებული, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს; ფ) იმის მტკიცება, რომ აზარტული თამაშობისას საქონელმა ან მომსახურებამ მომხმარებელს შესაძლოა მოგება მოუტანოს; ქ) ნასყიდობისშემდგომი სამომხმარებლო მომსახურების გაწევა ნასყიდობის გარიგების დადებამდე გამოყენებული ენისგან განსხვავებულ ენაზე, რომელიც არ არის საქართველოს სახელმწიფო ენა, მომხმარებლისთვის ამის შესახებ ინფორმაციის ნასყიდობის გარიგების დადებამდე გარკვევით მიწოდების გარეშე.
