საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 285. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა
1. პირი, რომელსაც სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა აქვს დანიშნული, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. პირი, რომელსაც სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს დანიშნული, გარდა პენიტენციური კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან, თუ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისთვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისგან.
2. სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე ათავისუფლებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინებით.
