1.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართების საფუძველია შემდეგი გარემოებები: ა) ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და შესაბამისი სერვისი/პროგრამა ვერ სრულდება; ბ) არსებობს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვა; გ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას; დ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა შესაბამის სერვისში/პროგრამაში).
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას არ გამოიყენება ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის ღონისძიება.
3.მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისს/პროგრამას, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და სასამართლოს შუამდგომლობას წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძვლის, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია.
4.სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი შესაბამის სერვისში/პროგრამაში ერთვება ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი.
5.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად აუცილებელი შესაბამისი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ეს ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მომართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი შესაბამისი ვადით, ყოველ ჯერზე არაუმეტეს 6 თვით. ამ ვადის გაგრძელების საჭიროებას მულტიდისციპლინური ჯგუფი განიხილავს ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით.
6.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7.კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი, რომელსაც არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნისას შეუსრულდა 14 წელი, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში შეიძლება იმყოფებოდეს მოსამართლის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის გაგრძელება მისი ამოწურვის შემდეგ დაუშვებელია. მუხლი 23. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების შემთხვევაში − სააგენტო. კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს ცენტრის უფლებამოსილი პირი.
2.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას გადაწყვეტილების აღმასრულებელ პირს უფლება აქვს, მისთვის ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელის შეშლის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. მუხლი 24. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების ვადის გადასინჯვა და გაგრძელება 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს და წარუდგენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების, არსებული სირთულეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას.
2.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ყოფნა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში აუცილებელი აღარ არის მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირი შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე მიმართავს მულტიდისციპლინურ ჯგუფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
3.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების, საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფი აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეულ დადებით შედეგებს, არსებულ სირთულეებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებებს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის აუცილებლობას და მისთვის მიმართვიდან გონივრულ ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების შესახებ; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასრულების და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განხორციელების ვადის არაუმეტეს 6 თვით გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მულტიდისციპლინური ჯგუფი სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის ვადის გაგრძელების საჭიროების, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია.





