1.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულებას ზედამხედველობს და მის მიერ მიღწეულ შედეგებს აფასებს ცენტრი.
2.ნებისმიერი პირი/დაწესებულება/უწყება, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობისა და მის მიერ მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდებას.
3.ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი პირის/დაწესებულების/უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ესწრება შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიმდინარეობის პროცესს და გაესაუბრება შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიწოდებისთვის პასუხისმგებელ პირს, დაწესებულების/უწყების წარმომადგენელს, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს.
4.ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულებამდე, პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, ხვდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე მის კანონიერ წარმომადგენელს, და განიხილავს შესაბამისი სერვისის/პროგრამის მიმდინარეობას, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ მიღწეულ შედეგებს, შესაბამის სერვისში/პროგრამაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობისა და სხვა მონაწილე პირების მიერ აღმოჩენილი დახმარების ეფექტიანობას, შესაძლო დამატებით საჭიროებებსა და სხვა შესაბამის საკითხებს.
5.ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე ამზადებს მონიტორინგის ყოველთვიურ და საბოლოო ანგარიშებს, რომლებშიც შეაქვს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, მის მიერ მიღწეული შედეგები, შესაბამისი სერვისის/პროგრამის გავლენა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის დამატებითი საჭიროებები და დამატებითი სერვისი/პროგრამა, რომელში ჩართვასაც შეიძლება საჭიროებდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი.
6.ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მონიტორინგის ყოველთვიურ და საბოლოო ანგარიშებს წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს. მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, მონიტორინგის შესაბამისი ანგარიშებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრების საფუძველზე შეცვალოს სერვისი/პროგრამა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართოს სხვა სერვისში/პროგრამაში. ამ გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმომადგენელს და პირს/დაწესებულებას/უწყებას, რომლის მიერ ორგანიზებულ სერვისში/პროგრამაში უნდა ჩაერთოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, აგრეთვე სააგენტოს, თუ იგი ჩართულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში.
7.ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონიტორინგის განხორციელებას აგრძელებს შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში. ცენტრს უფლება აქვს, მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია მოიპოვოს ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე ამზადებს მონიტორინგის კვარტალურ და საბოლოო ანგარიშებს, რომლებსაც წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს. შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში მონიტორინგის წესი ვრცელდება აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის დატოვების შემდეგ.
8.მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის შედეგებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად კვლავ უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვა შესაბამის სერვისში/პროგრამაში.
9.ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის ვადის დასრულების შემდეგ მონიტორინგის შედეგებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინურ ჯგუფს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად კვლავ უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვა შესაბამის სერვისში/პროგრამაში არაუმეტეს 6 თვემდე ვადით.
10.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგის წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 19. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული კანონიერი წარმომადგენლის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, ცენტრის მომართვის საფუძველზე სააგენტო გამოყოფს თანამშრომელს, რომელიც შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად ცენტრთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. თუ აღნიშნულის მიუხედავად, კანონიერი წარმომადგენელი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებას კვლავ არ ასრულებს, სააგენტო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განსათავსებლად ან მიმართავს ცენტრს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასაწყებად.
3.ცენტრის ამ კანონითა და ცენტრის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად ცენტრის თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.






