1.მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ნებისმიერი ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
2.მიმწოდებელის მიერ მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.
3.მიმწოდებელი უფლებამოსილია შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.
4.მიმწოდებელი არ არის ვალდებული მომხმარებელს წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით.
5.მომხმარებლისთვის სასმელი წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი, სასმელი წლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სასმელი წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ.
6.არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნით, შესაძლებელია მისი წყალმომარაგების (სასმელი წყლის მიწოდების ან/და წყალარინების სისტემის) სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). მიმწოდებელს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს წყალმომარაგების სარეზერვო წყაროთი უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად (ეს მოთხოვნა ასევე გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების წყალმომარაგებისა და დამატებითი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად).
7.მიმწოდებელმა დაინტერესებულ პირს უნდა მისცეს წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის დროებით გამოყენების საშუალება, რაც განპირობებულია საყოფაცხოვრებო, სარწყავი, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორცილებლად. აღნიშნული საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ურთიერთობები წარმოებს შემდეგი წესით: ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემასთან დროებითი მიერთება და, საჭიროების შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს მიმწოდებელის ვალდებულებას, აღნიშნული უნდა შესრულდეს დაინტერესებული პირის მიერ მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებით; ბ) მხარეებს შუძლიათ შეთანხმდნენ ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე სასმელი წყლის მიწოდების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული სასმელი წყლის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც მიწოდებული სასმელი წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია სასმელი წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს სასმელი წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებელის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
9.დაუშვებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის ტექნოლოგიურ პროცესებში გამდინარე სისტემებით მუდმივი მოხმარება - გამოყენება, თუ შესაძლებელია სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან სასმელი წყლის გამოყენების მაგივრად მისი ბრუნვითი და მეორადი გამოყენება. ასეთ შემთხვევაში სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემიდან მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის ამგვარი გამოყენება საჭიროებს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებას. თანხმობის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია დაასაბუთოს ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემის მოწყობის შეუძლებლობა. ამასთან, აღნიშნული შეთანხმება უნდა იყოს დროებითი ხასიათის იმ გონივრული ვადით, სანამ მომხმარებელი უზრუნველყოფს აღნიშნული ბრუნვითი და მეორადი გამოყენების სისტემების მოწყობას.





