1.გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს: ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება; ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას; დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი; ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; ზ) თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ან/და სასამართლოს განჩინება იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე; თ) თუ არსებობს პროკურორის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ; ი) თუ პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; კ) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი ); ლ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები და იმავე კოდექსის 164 1 , 203-ე, 221-ე, 223-ე, 223 1 , 223 3 , 223 4 , 236-ე, 260-ე, 339-ე, 339 1 , 348 1 , 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებული შემთხვევები); მ) თუ ვითარება შეიცვალა.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ: ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; ბ) პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით; გ) ბრალდებული გარდაიცვალა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286 2 , 322 1 , 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო.
3.სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლოა აგრეთვე არ დაიწყოს ან შეწყდეს, თუ ის ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს.
4.(ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ).
5.(ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ).
6.(ამოღებულია - 12.06.2015, №3715 ). საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 662 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი № 3715 – ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2153 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №461 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.



