1.სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს გადასცეს მის ხელთ არსებული გამამართლებელი მტკიცებულებები.
2.დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ბრალდების მხარე უფლებამოსილია დაცვის მხარისაგან მიიღოს ის ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც დაცვის მხარე აპირებს.
3.ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
4.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად.
5.დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე შეიძლება ბრალდების მხარის შუამდგომლობით შეზღუდოს სასამართლომ მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ნაწილში და მხოლოდ წინასასამართლო სხდომამდე. 5 1 . თუ მიღებულია გადაწყვეტილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე იმ პირის ვინაობის დაფარვის შესახებ, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს, დაცვის მხარეს ამ ღონისძიების/მოქმედების და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე ყველა სხვა საპროცესო მოქმედების ამსახველი მტკიცებულებები გადაეცემა ამ პირის ვინაობის იდენტიფიცირებისგან დამცავი და ამოცნობის შესაძლებლობის შემზღუდავი ფორმით.
6.წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.
7.მხარეებმა საკუთარი ხარჯით უნდა გადასცენ ერთმანეთს ინფორმაცია დოკუმენტის ასლის სახით, სხვა მასალის შემთხვევაში კი – ცნობის სახით. დასაშვებია ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერებაც, თუ ეს არ იწვევს მის ან მასზე არსებული კვალის დაზიანებას ან განადგურებას.
8.ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე მხარეები ვალდებული არიან მისცენ ერთმანეთს იმ ინფორმაციისა და მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა, რომელთა სასამართლოში წარდგენასაც ისინი აპირებენ, ასევე გადასცენ წერილობითი მტკიცებულებების ასლები.
9.დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება ბრალდების მხარემ უნდა გადასცეს ამ კოდექსის 165 4 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.





