1.გამამტყუნებელი განაჩენით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შემდეგი თანამიმდევრობით ეკისრებათ: ა) მსჯავრდებულს − მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 165 3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ უსასყიდლოდ ან საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიიღო; გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის; დ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მსჯავრდებულის იმ ქონებიდან, რომელიც მან ერთჯერადი ან მრავალჯერადი გადაცემის შედეგად მსჯავრდებულის მიერ ამ კოდექსის 165 3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ სასყიდლით მიიღო, თუ მსჯავრდებულის ახლო ნათესავი ან სხვა პირი ამ ქონების მიღებასთან დაკავშირებით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ე) ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან სხვა პირს − მის საკუთრებაში არსებული იმ სხვა ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თუ ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონება დაზარალებულის კომპენსაციის გადასახდელად საკმარისი არ არის; ვ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავს − იმ ქონებიდან, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381 3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს − იმავე ნაწილით გათვალისწინებული ქონებიდან და სატრანსპორტო საშუალებიდან.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ახლო ნათესავის ან სხვა პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაზარალებულის კომპენსაცია გადაიხდება იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობილი პირის მიმართ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე.
5.მსჯავრდებულისა და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სახელით ან მათ სასარგებლოდ დაზარალებულის კომპენსაცია მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერმა პირმა შეიძლება გადაიხადოს. თუ ამ პირმა დაზარალებულის კომპენსაციის ნაწილი გადაიხადა, მის მიერ გადახდილი დაზარალებულის კომპენსაციის ეს ნაწილი დაზარალებულის კომპენსაციაში ჩაითვლება. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.



