1.სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ: ა) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული; ბ) ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი; გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს; დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას; ე) ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე; ვ) ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა; ზ) ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები; თ) სხვა მიზეზი, როცა ვიზიტის დროს რაიმე გარემოების გამო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ. განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობა); ი) (ამოღებულია - 13.05.2022, №01-41/ნ).
2.შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოქმის შევსების თარიღი.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ან ხელოვნურად გაერთიანების საკითხში, რასაც მოწმობს ოჯახის საცხოვრებელი პირობები.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, როცა სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვიზიტის დროს დაადგენს, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს განაცხადში/განცხადებაში მითითებულ მისამართზე; ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სამი ვიზიტის განხორციელება სავალდებულო არ არის.
5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას.
6.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, როცა ოჯახი მისივე სურვილით უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე.
6¹.(ამოღებულია - 13.05.2022, №01-41/ნ).
7.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამი ვიზიტის განხორციელების შემდეგ ვერ შეძლებს ოჯახთან ან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრას. ამ შემთხვევაში შეწყვეტის ოქმის „A“ ბლოკის შესაბამისი გრაფა მოინიშნება მას შემდეგ, რაც სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სრულად იქნება შევსებული შეწყვეტის ოქმის „B“ ბლოკი. ამ საფუძვლით შეწყვეტის ოქმის შევსებისას სააგენტოს პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს: ა) განხორციელებულ პირველ და მესამე ვიზიტებს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები; ბ) შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღად უნდა მიეთითოს სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული მესამე ვიზიტის თარიღი; გ) შეწყვეტის ოქმში არ არის სავალდებულო მიეთითოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; დ) „B“ ბლოკის თითოეული გრაფის შევსებისას სასურველია ფიქსირდებოდეს იმ პირის მონაცემები (სახელი, გვარი, კავშირი ოჯახთან (მეზობელი, ნათესავი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა) და ხელმოწერა), რომელიც დაადასტურებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის ფაქტს. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის შეწყვეტა არ არის ოჯახისათვის ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის აკრძალვის საფუძველი.
8.იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს არ გააჩნია ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბუთ(ებ)ი (ან არსებულ საბუთში არ არის მითითებული პირადი ნომერი) დეკლარაციის შევსება ჩერდება და ოჯახს ეძლევა ერთთვიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ შემთხვევაში სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ავსებს შეწყვეტის ოქმის „C“ ბლოკს, რომელშიც უთითებს ოჯახის შესაბამისი წევრ(ებ)ის სახელსა და გვარს, სვამს ვიზიტის თარიღსა და ოჯახის გაფრთხილების თაობაზე ხელს აწერინებს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
9.თუ ოჯახი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილ პირს ვერ წარმოუდგენს პირადობის დამადასტურებელ შესაბამის საბუთ(ებ)ს, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაასრულოს შეწყვეტის ოქმის შევსება, კერძოდ: ა) შეწყვეტის ოქმის „A“ ბლოკში მიუთითოს შესაბამის მიზეზი (ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები); ბ) მიუთითოს შეწყვეტის ოქმის შევსების დასრულების თარიღი. ამასთან, შეწყვეტის ოქმის „C“ ბლოკის შევსების (გაფრთხილების) თარიღსა და შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციის შეწყვეტა არ არის ოჯახისათვის ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის აკრძალვის საფუძველი.
11.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზეზ(ებ)ით შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევებში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე.
12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეწყვეტის ოქმის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეწყვეტის ოქმის შესაბამის უჯრაში გააკეთოს მონიშვნა, ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის თაობაზე.
13.საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განმარტებები შეწყვეტის ოქმის შევსების თაობაზე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია დააფიქსიროს გრაფაში „სხვა“.
14.სააგენტოს პასუხისმგებელი პირი შეწყვეტის ოქმის შევსებას ადასტურებს ხელმოწერით. შეწყვეტის ოქმზე არ არის სავალდებულო ფიქსირდებოდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერა.
15.შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად ძალას კარგავს ავტომატურად.
16.შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს ოჯახს განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების და/ან ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №01-36/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 20 სექტემბრის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 13 მაისის ბრძანება №01-41/ნ - ვებგვერდი, 13.05.2022წ. თავი V. ოჯახის სარეიტინგო ქულის დაანგარიშება

