1.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უნდა გამოცხადდეს განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი სამსახურებრივი მოწმობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დედანი ან მისი დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.
2.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელთან, მის წარმომადგენელთან ან/და მოწვეულ სპეციალისტთან ერთად უზრუნველყოფს დანართი №24-ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად აღწერას, საჭიროების შემთხვევაში, ვიდეო ან ფოტო დაფიქსირებას.
3.თუ უფლებამოსილი პირის მიერ შეუძლებელია დანართ №24-ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად არსებულთან შედარება, მას უფლება აქვს (გარდა ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს საკუთარი ხარჯებით შესაბამისი სპეციალისტის მოწვევა.
3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს რაოდენობრივი/თანხობრივი ზღვარი, რომლის ფარგლებში, დანართ №24-ში მითითებული სმფ-ები ფაქტობრივად არსებულის შესაბამისად ჩაითვლება.
4.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დანართ №24-ზე ხელმოწერით დასტურდება მხოლოდ ვადაგასული, გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სმფ-ის ფაქტობრივი აღწერა, მისი განადგურება/მგვ ორგანიზაციისთვის გადაცემა (დანართი №24-ში მოცემული ცხრილის მე-8 სვეტი) და ამ პროცედურის განხორციელებისას გამოვლენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (დანართ №24-ში მოცემული ცხრილის – მე-9 სვეტი) ან უარი მის დადასტურებაზე, რის შესახებაც კეთდება სათანადო აღნიშვნა უარის თქმის გარემოებებზე მითითებით.
5.სმფ-ის განადგურება არის სმფ-ის მოყვანა ფიზიკურად ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია მისი აღდგენა და გამოყენება პირველადი სახით.
6.(ამოღებულია - 14.11.2011. №575) 7. იმ შემთხვევაში, როცა სმფ-ის განადგურება ვერ ხერხდება გადასახადის გადამხდელის ტერიტორიაზე, იგი უნდა განხორციელდეს სხვადასხვა სახის ნარჩენების განთავსების ან განადგურებისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №498 - ვებგვერდი, 28.09.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №575 - ვებგვერდი, 16.11.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 26.02.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 11 იანვრის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 12.01.2024წ.

