1.სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის, სახელწოდების/სახელის ან/და გვარის, სამართლებრივი ფორმის ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის შეცვლას. ამასთან, გაერთიანების, ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის შემთხვევაში (გარდა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობისა), სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ასევე მოიცავს ამხანაგობის, გაერთიანების ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის მონაწილე პირების (წევრების) შესახებ მონაცემების შეცვლას.
1¹.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-01 დანართის შესაბამისად; ბ) საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი – პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები – პირადობის ნეიტრალურ მოწმობას ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს; გ) თუ სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის მიერ გაცემულ და სანოტარო წესით დადასტურებულ მინდობილობას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.
1².გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ და ნოტარიულად დადასტურებულ კრების (სხდომის) ოქმს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ წესს), სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ცვლილების შესახებ ინფორმაცია. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრების (სხდომის) ოქმთან ერთად, გადასახადის გადამხდელისგან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ასევე წევრთა ან მმართველობის/წარმომადგენლობის ორგანოს სხვა გადაწყვეტილების წარდგენა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სუბიექტის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას; გ) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადო წესით დადასტურებულ ასლს (ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში); დ) სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით ან/და იწვევს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას.
1³.საჯარო სამართლის იურიდიული პირი და საბიუჯეტო ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას ან/და დებულებას/წესდებას (დებულების/წესდების ცვლილების შემთხვევაში); გ) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული პირის პირად რეკვიზიტებს.
1⁴.უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება – მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე.
1⁵.დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს: ა) განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად; ბ) შესაბამისი ცვლილების განხორციელების დადასტურების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ წერილს.
1⁶.თუ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, ამ მუხლის 1 2 -1 5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურს წარედგინება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა.
2.(ამოღებულია - 05.02.2019, №30) .
3.(ამოღებულია - 05.02.2019, №30) .
4.გადასახადის გადამხდელთა იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის შეცვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში ხორციელდება სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება.
4¹.გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ: ა) სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების თაობაზე განცხადებაში ასახული მონაცემები არ შეესაბამება წარდგენილ დოკუმენტებს; ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4².ამ მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებაზე უარი შეიძლება ეთქვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით განესაზღვრება ვადა დოკუმენტის ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენისათვის და აღნიშნულ ვადაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება ან/და არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი საგადასახადო ორგანოში შესაბამისი დოკუმენტი/ინფორმაცია.
5.გადასახადის გადამხდელის იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მასზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის ახალი მოწმობა.
6.(ამოღებულია – 01.03.2011, №115) 7. თვითმმართველი ერთეულის/ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრის/საზღვრების შეცვლისას საგადასახადო აღრიცხვის მონაცემებში ცვლილებები ხორციელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.
8.თუ დგინდება გადასახადის გადამხდელის მიმართ საიდენტიფიკაციო ნომრის ხელახლა მინიჭების ფაქტი, ეს უკანასკნელი ექვემდებარება გაუქმებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 თებერვლის ბრძანება №30 – ვებგვერდი, 07.02.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 15 მარტის ბრძანება №74 - ვებგვერდი, 16.03.2022წ.

