„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 13. ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიებზე.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები (შეთანხმებები), რომლებითაც მოწესრიგდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხები. აღნიშნული ხელშეკრულებები (შეთანხმებები) უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვას და მის გამოყენებას მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნით.
3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უგზავნის თხოვნებს საჭირო ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე და უპასუხებს მათ ანალოგიურ თხოვნებს.
4. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას და მას იყენებენ მხოლოდ გაგზავნილ თხოვნაში მითითებული მიზნებისათვის. საქართველოს 2004 წლის 25 თებერვლის კანონი №3422 - სსმ I, №7, 16.03.2004 წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 -სსმ I, №51.29.09.2010წ.,მუხ.332 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5580- ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
