1.მოსამსახურის გადაადგილება დასაშვებია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ბ) მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება); გ) მოსამსახურის დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას; დ) საშტატო-საორგანიზაციო ცვლილების განხორციელებისას; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; ვ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ზ) პირადი განცხადებით (პატაკი); თ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად; ი) დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამო.
2.თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.
3.თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.
4.უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან.
5.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23 თებერვლის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.

