1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, პარტიის, არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.
2.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიას უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
4.მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.
5.განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) რეგისტრაციის ადგილი; ზ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ი) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი; კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).
6.განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი/უფლებამოსილი პირი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
7.არაუგვიანეს განცხადების წარდგენის მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.
8.საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
9.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს: ა) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; ა 1 ) თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია; ა 2 ) თუ ამ პირის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) თუ არასრულია ან არასწორია ამ მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები; გ) თუ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა აღმოჩნდება; დ) თუ არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები; ე) თუ დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა; ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

