1.არანაკლებ 2 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ქმნიან საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს ამომრჩეველთა ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლებამოსილების განხორციელებამდე და მის შემდეგ.
2.საინიციატივო ჯგუფი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიმართავს განცხადებით რეგისტრაციაში გატარების თაობაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. ამ მასალებს უმაღლესი საბჭოს ბიურო 3 დღის ვადაში გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
3.უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიერ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების გადაცემიდან 5 დღის ვადაში საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას ან მოტივირებულ უარს ეუბნება რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ამ მუხლის პირველი ან/და მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა.
4.საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი განცხადება და კანონპროექტი საინიციატივო ჯგუფისათვის სარეგისტრაციო მოწმობის გადაცემის შემდეგ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.
5.საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, სარეგისტრაციო მოწმობის მიღებამდე გამოითხოვოს რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადება.
6.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღების დღიდან უფლებამოსილია დაიწყოს კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხელმოწერების ფურცლების შევსებით.
7.ხელმოწერების შეგროვება ხდება რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
8.საინიციატივო ჯგუფი სარეგისტრაციო მოწმობის მიღებიდან 45 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს ბიუროს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს არანაკლებ 2 000 ამომრჩევლის მიერ შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს.
9.უმაღლესი საბჭოს ბიურო შევსებულ ხელმოწერების ფურცლებს მიღებიდან 2 დღის ვადაში გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად.
10.უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და შედეგებს წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ დადგინდა, რომ ხელმოწერები შესრულებულია ამ თავის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ნამდვილ ხელმოწერათა რაოდენობა 2 000-ზე ნაკლები აღმოჩნდა, უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიურო უარს ეუბნება საინიციატივო ჯგუფს კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენაზე. შესაბამისად, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელება უარყოფილად ითვლება.
11.ბათილად მიიჩნევა ხელმოწერა, რომელიც: ა) შესრულებულია ფურცელზე, რომელიც არ არის დადგენილი ფორმის ან/და რომელიც რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ან დამოწმებული; ბ) ხელმოწერების ფურცელი არ შეიცავს რეგლამენტის 108-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს; გ) შესრულებულია მოტყუებით ან სხვა პირის მიერ, თუ ამას ამომრჩეველი წერილობით დაადასტურებს.
12.კანონპროექტის წარდგენაზე უარის მიღების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, 5 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს.
13.ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა და წარმოდგენილი კანონპროექტი წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს, ხოლო ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლები გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.
14.უმაღლესი საბჭო არანაკლებ 2 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით.
