1.უმაღლესი საბჭო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მეშვეობით ახორციელებს საერთო, თანამიმდევრულ კონტროლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებაზე. სხვა კომიტეტები ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს, როგორც წესი, ახორციელებენ მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით.
2.ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით. რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის მიღებიდან 2 დღის ვადაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვის გრაფიკის პროექტის შედგენას, რომელსაც ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
2¹.რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში უმაღლეს საბჭოში შემოსვლიდან 2 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოს აპარატის მიერ გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მთავრობის მიერ უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას ამ ანგარიშის თაობაზე.
3.საბიუჯეტო წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმოხილვას, ყოველკვარტალურად განიხილავს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, დარგობრივი კომიტეტები – მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებული სფეროების მიხედვით, ხოლო სურვილის შემთხვევაში სხვა კომიტეტებიც. ისინი უფლებამოსილი არიან, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვონ და მიიღონ შესაბამისი უწყებებიდან. საკომიტეტო განხილვებს ორგანიზებას უწევს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. განხილვის შედეგები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც ცნობად იღებს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვა შეიძლება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანიც გახდეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 29 ოქტომბრის რეგლამენტი №19 - ვებგვერდი, 30.10.2025 წ.
