1.სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: ა) პირადი განცხადებით; ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა; გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება: გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან; გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების თვიდან; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას; ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას; ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას; ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ; თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას; ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადის გასვლისას/ დაკარგვისას; კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი; ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას; ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სოციალური პაკეტის შეწყვეტის წყაროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ წარმოებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომელიც ასევე ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტოს აწვდის შეთანხმებული ფორმატით, სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში კი – ელექტრონული სისტემა, რომელზეც წვდომა ხორციელდება სააგენტოსა და ელექტრონული სისტემის მესაკუთრეს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად.
3.შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.
4.სააგენტო უფლებამოსილია, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე გადაამოწმოს ბენეფიციარის მონაცემები ელექტრონულ სისტემაში და იქ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება სოციალური პაკეტის ავტომატურად გაგრძელების (ბენეფიციარის განცხადებით მიმართვის გარეშე სტატუსის მოქმედების ვადის ფარგლებში) ან შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე ელექტრონულ სისტემაში ბენეფიციარს დაუფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსი, სოციალური პაკეტის ავტომატური გაგრძელება განხორციელდება მომდევნო თვიდან, შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის დადგენილება №310 - ვებგვერდი, 24.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №683- ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №460 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

