მუხლი 12. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა. საარჩევნო ფონდი
1. საკრებულოების არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამ ხარჯების სავარაუდო ოდენობას ყოველი საკრებულოს მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და არჩევნების დამთავრებიდან ორი თვის ვადაში ადგენს მათ ფაქტობრივ ოდენობას. არჩევნების დამთავრებიდან სამი თვის ვადაში მათ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის გამოყოფას და კომისიის ანგარიშზე მის ჩარიცხვას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩევნებამდე არა უგვიანეს 90 დღისა. საარჩევნო კომისიების დაფინანსება ხდება მხოლოდ სახელმწიფო ხარჯით.
3. არჩევნებში მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და კანდიდატები ქმნიან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საარჩევნო ფონდს, რისთვისაც უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი სახსრები, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიული პირების შემოწირულობანი.
4. საარჩევნო ფონდისათვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება არჩევნებში მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ ფილიალებში) შესაბამის საარჩევნო კომისიაში შესაბამისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის ანგარიშზე ჩაირიცხება არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ანგარიშზე – არა უგვიანეს 25 დღისა.
5. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე 60 დღით ადრე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა მათ მიმდინარე ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა. მიმდინარე ანგარიშები იხსნება საქართველოს ბანკების ადგილობრივ ფილიალებში კომისიებისათვის სახსრების გამოყოფის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მათი სწორად გამოყენებისათვის პასუხისმგებელნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.
