მუხლი 32. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება
1. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, საკრებულოების არჩევნების ჩატარებიდან 20 დღის ვადაში, თავის სხდომებზე აჯამებს პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.
2. ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე კი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს.
3. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და ამომრჩეველთა რაოდენობა მათში, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, აგრეთვე ყოველ შესაბამის საკრებულოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, საკრებულოს არჩეულ წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.
4. პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ცენტრალურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.
