1.ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: ა.ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ - 25 მეტრი; ა.ა.გ) 110 კვ - 20 მეტრი; ა.ა.დ) 35 კვ - 15 მეტრი; ა.ა.ე) 1 – 20 კვ - 10 მეტრი; ა.ა.ვ) 1 კვ-მდე - 2 მეტრი; ა.ბ) წყალსატევების (მდინარეების, სარწყავი არხების, ტბების და სხვ.) გადასასვლელების გასწვრივ წყლის ზედაპირი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ბ.ა) სანაოსნო წყალსატევებისათვის - 100 მეტრი; ა.ბ.ბ) არასანაოსნო წყალსატევებისათვის - ხმელეთზე გამავალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისათვის დადგენილი დაცვის ზონის შესაბამისად; ბ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის: ბ.ა) მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ბ.ა.ა) 1 კვ-ის ზევით - 1 მეტრი ორივე მხრიდან; ბ.ა.ბ) 1 კვ-მდე - 1 მეტრი ორივე მხრიდან; თუ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი გადის დასახლებათა ტროტუარების ქვეშ, მაშინ - 0,6 მეტრი შენობა-ნაგებობის მხარეს და 1 მეტრი ქუჩის სავალი ნაწილის მხარეს; ბ.ბ) წყალქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ წყლის სივრცე წყლის ზედაპირიდან ფსკერამდე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან დაშორებულია 100 მეტრით; გ) ქვესადგურებისა და გამანაწილებელი პუნქტებისათვის: გ.ა) ყრუ კედლებიდან და შემოღობვებიდან პერიმეტრის გასწვრივ - 2 მეტრი; გ.ბ) ღიობიანი კედლის შემთხვევაში პერიმეტრის გასწვრივ - 4 მეტრი; გ.გ) მთავარი მისასვლელი გზის მონაკვეთი - სიგანით არანაკლებ 3 მეტრისა.
2.ტყის მასივების, ტყე-პარკების, ბაღების და მწვანე ნარგავების ტერიტორიებზე საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის განაკაფების სიგანე განისაზღვრება: ა) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის: ა.ა) 4 მეტრამდე სიმაღლის ტყეში და ნარგავებში - მანძილით განაპირა სადენებს შორის მანძილს დამატებული სამი მეტრი ორივე მხრიდან. 4 მეტრამდე სიმაღლის ხეხილის ბაღებში (მწვანე ნარგავებში) განაკაფის გაკეთება არ არის სავალდებულო; ა.ბ) 4 მეტრზე მეტი სიმაღლის ტყესა და ნარგავებში: ა.ბ.ა) ყველა 330-500 კვ ძაბვის, ასევე რადიალური 220 კვ და ნაკლები ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისათვის, რომლებიც წარმოადგენენ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების ერთადერთ წყაროს - მანძილით განაპირა სადენებს შორის მანძილს დამატებული ძირითადი ტყის მასივის სიმაღლე ორივე მხრიდან; თუ განაკაფის გარეთ მდგომი ცალკეული ხის ან ხეების ჯგუფის სიმაღლე ტყის მასივის სიმაღლეზე მეტია და არსებობს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის სადენებზე მათი დაცემის საშიშროება, ისინი უნდა მოიჭრას; ა.ბ.ბ) ყველა სხვა 220 კვ და ნაკლები ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისათვის, რომელთა გამორთვა არ იწვევს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების შეწყვეტას - ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; თუ ფერდობებსა და ხევებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის სადენები ტყის მასივის წვეროდან 8 მეტრით მაღლაა განლაგებული, განაკაფი კეთდება ერთ მხარეს - ქვედა ფერდობზე ელექტროგადამცემი ხაზის განაპირა სადენიდან ჰორიზონტალურად ორ მეტრზე, ხოლო მეორე მხარეს - ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ა.გ) ნაკრძალებში, დასახლებათა გამწვანების ზონაში, პარკებში, საავტომობილო გზისა და რკინიგზის გასწვრივ ქარსაცავ ზოლში -ჰორიზონტალური მანძილით საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მაქსიმალურად გადახრილი განაპირა სადენებიდან ხეების ვარჯამდე, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ: ა.გ.ა) 330, 400, 500 კვ - 5 მეტრი; ა.გ.ბ) 150, 220 კვ - 4 მეტრი; ა.გ.გ) 35, 110 კვ - 3 მეტრი; ა.გ.დ) 20 კვ-მდე - 2 მეტრი; ბ) მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზებისათვის - ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ სიგანით არა უმეტეს 2 მეტრისა ორივე მხრიდან.
3.პარკებში, ბაღებში, ტყის მასივებსა და დაცულ ტერიტორიებზე ელექტროგადამცემი ხაზებისათვის განაკაფები კეთდება ელექტრული ქსელის მფლობელი პირის მიერ, მიწათმოსარგებლესთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.დასახლებათა საზღვრების გარეთ გამავალი მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების ტრასის გასწვრივ დგება საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის აღმნიშვნელი ბოძები, ხოლო მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე - დამატებით ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც დაიტანება საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის პარამეტრები და მონაცემები ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის მფლობელის შესახებ (დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომრები).
5.საავტომობილო გზებისა და 1 კვ-ზე მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების გადაკვეთის ადგილებში, სადაც მოსალოდნელია იმ მანქანა/მექანიზმების გადაადგილება, რომელთა საერთო სიმაღლე გზის საფარიდან ტვირთით ან/და ტვირთის გარეშე აღემატება 4.5 მეტრს, ელექტროგადამცემი ხაზის ორივე მხარეს უნდა ჩაიდგას მოძრავი სატრანსპორტო საშუალების დასაშვები სიმაღლის აღმნიშვნელი სასიგნალო ნიშნები. სასიგნალო ნიშნებს აწყობს უფლებამოსილი ორგანო ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მოთხოვნით.
6.ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
7.ელექტრული ქსელის მფლობელი პირი უფლებამოსილია, საკუთარი ხარჯით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში მოახდინოს ელექტრული ქსელის მიწისზედა, მიწისქვეშა და წყალქვეშა ხაზობრივი ნაგებობების რეგისტრაცია მათი პარამეტრების, მათ შორის ამ წესით დადგენილი დაცვის ზონების მითითებით.

