1.მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებებს და მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შესაბამის შუამდგომლობას საქართველოს მთავრობის მიერ განსახილველად ამზადებს შესაბამისი სამთავრობო კომისია.
2.შესაბამისი სამთავრობო კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას უგზავნის მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოებს). მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საკრებულოს სხდომაზე განიხილოს აღნიშნული დოკუმენტაცია და შესაბამის სამთავრობო კომისიას თავისი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა. მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან), რომლის (რომელთა) შუამდგომლობაც წარდგენილი აქვს შესაბამის სამთავრობო კომისიას, კონსულტაცია არ იმართება.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში კონსულტაცია გამართულად ითვლება და საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შესაბამისი წარდგინებით მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება რჩება, თავისი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს უშუალოდ საქართველოს პარლამენტს.
4.მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება ფორმდება საკრებულოს სხდომის ოქმით. ამ ოქმში აისახება განსახილველი საკითხის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიცია და სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები.
5.მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის გამართვას უზრუნველყოფს შესაბამისი სამთავრობო კომისია, ხოლო შუამდგომლობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარდგენის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტი.
6.მოსახლეობასთან კონსულტაცია იმართება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო განხილვის ფორმით. შესაბამისი სამთავრობო კომისია/მუნიციპალიტეტი საკითხის საქართველოს მთავრობისთვის/საქართველოს სამთავრობო კომისიისთვის განსახილველად წარდგენამდე საჯაროდ აქვეყნებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებად ითვლება მისი გამოქვეყნება ბეჭდვით გამოცემაში, რომელიც ვრცელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე) და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ინფორმაცია ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნების ნაცვლად საჯაროდ გამოაცხადოს.
8.დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში შესაბამის სამთავრობო კომისიას/მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები. საჯარო განხილვის პროცესში შეიძლება შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გაიმართოს.

