ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
მუხლი 156^1. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ამ მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება შესაბამის ტერიტორიაზე განახორციელოს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებები: ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, იმავე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით მიანიჭოს აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელების უფლებამოსილება: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების გამართვის ორგანიზება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა.
