ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები სრული და ექსკლუზიურია. ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების მოცულობა (ფარგლები) და განხორციელების წესი შეიძლება განისაზღვროს  მხოლოდ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე.

2.მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების, მართვა კანონით დადგენილი წესით; დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; ე) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების, გენერალური გეგმებისა და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავება და დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა; ზ) მუნიციპალური ნარჩენების მართვა; თ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება; ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი 1 ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი 2 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება; კ 1 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; კ 2 ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც  სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა; ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; მ) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭება, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა, ქარსაფარი (მინდორდაცვითი)  ზოლის აღდგენისა და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის აღდგენა, გაშენება, მოვლა, დაცვა და მასზე ზედამხედველობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის დაინტერესებული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით იურიდიული პირების დაფუძნება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში; ო) შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება კანონით დადგენილი წესით; პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდება კანონით დადგენილი წესით; ჟ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება; რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების (მათ შორის, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის, გასეირნების, მგზავრობისა და ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მოთხოვნების) დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში პოპულაციების მართვის (მათ შორის, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, მონიტორინგისა და თავშესაფრების ორგანიზების) უზრუნველყოფა; ს) სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა; ტ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა; უ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა; ფ) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია; ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება; ღ) ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელება.

3.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით.

4.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №2995 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის ორგანული კანონი № 4743 - ვებგვერდი, 25.02.2016წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი № 5381 - ვებგვერდი, 24.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №100 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №508 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №783 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის ორგანული კანონი №3242 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №5008 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის ორგანული კანონი №5908 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის ორგანული კანონი №968 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3800 – ვებგვერდი, 20.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4023 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №442– ვებგვერდი, 04.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №909– ვებგვერდი, 09.07.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №85431.10.2016კონსტიტუციური სარჩელი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 72

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის კანონიერება

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მოქცეულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე კომისიის უარს. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის შემდგომ მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა თავისთავად არ გამორიცხავს კანონით დადგენილი პირობებით საკუთრების უფლების აღიარებას. კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია ნაგებობის სტატუსი და სხვა არსებითი გარემოებები, ხოლო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული უფლებამონაცვლე არ ჩართო. სასამართლომ სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა, სადავო ოქმი შესაბამის ნაწილში ბათილად ცნო და თბილისის მერთან არსებულ კომისიას გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაავალა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის განსაზღვრისა და მისი შეცვლის მოთხოვნაზე უარის კანონიერება

    მოსარჩელე დავობდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით მის მიწის ნაკვეთზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის დადგენასა და ზონის შეცვლაზე უარის კანონიერებაზე. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის სამშენებლოდ გამოყენების ადრე მინიჭებული უფლებისა და ლეგიტიმური მოლოდინის გათვალისწინების გარეშე დაწესებულმა შეზღუდვამ საკუთრების უფლებას შინაარსი დაუკარგა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და ბათილად ცნო როგორც გენერალური გეგმის სადავო ნაწილი, ისე ზონის შეცვლაზე უარის შემცველი ოქმი. ორგანოებისთვის ქმედების განხორციელებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    კურორტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის არასამშენებლო ლანდშაფტურ ზონაში მოქცევის კანონიერება

    კომპანიამ სადავოდ გახადა საქართველოს მთავრობის დადგენილებების ის ნაწილები, რომლებითაც მის მიწის ნაკვეთს არასამშენებლო ლანდშაფტური ზონის რეჟიმი დაუდგინდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვისას საკუთრების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის ოთხივე საფეხურს, ხოლო ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატივის შემოწმება აუცილებელია. მოსარჩელეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ექსპერტის დასკვნით დაადასტუროს გამწვანებული ტერიტორიის დაზიანების გარეშე მშენებლობის შესაძლებლობა. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • №ბს-845(კ-19)2020-10-0126
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მოქცევისა და ამ სტატუსის შენარჩუნების ნაწილში გენერალური გეგმების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გენერალური გეგმების ნაწილობრივ ბათილად ცნობას ითხოვდა, რადგან მათ მისი მიწის ნაკვეთი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მოაქციეს და სამშენებლოდ გამოყენება შეზღუდეს. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ნაკვეთი სამშენებლო მიზნით შეიძინა და საკუთრება შეზღუდვის დაწესებამდე დაარეგისტრირა. პალატის შეფასებით, ორგანომ სათანადოდ არ დააბალანსა საჯარო და კერძო ინტერესები, ხოლო შეზღუდვა საკუთრების უფლების არსს აყენებდა ეჭვქვეშ. უზენაესმა სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და ორივე გეგმა სადავო ნაწილში ბათილად ცნო.

  • №ბს-562(კ-20)2023-01-1219
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებაში შემდგომი გადაცემა თავისთავად არ გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარებას, თუ კანონით დადგენილი წინაპირობები არსებობს. სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ აქტი გამოსცა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების გარეშე. სააპელაციო გადაწყვეტილება გაუქმდა, სადავო აქტი საკითხის არსებითად გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და კომისიას ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთების ფუნქციური ზონის შეცვლაზე უარისა და გენერალური გეგმის ნაწილის ბათილად ცნობა და ზონის შეცვლასთან დაკავშირებული მოქმედებების დავალება

    დავა ეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიწის ნაკვეთებისთვის ფუნქციური ზონის შეცვლაზე უარსა და საკრებულოს მიერ დამტკიცებულ გენერალურ გეგმას. უზენაესმა სასამართლომ ერთმანეთისგან გამიჯნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული და მის ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო მიწის ნაკვეთები. საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ზონის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში დარჩა, ხოლო მომიჯნავე ნაკვეთზე სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გააუქმა მთავრობის უარი და დაავალა ახალი აქტის გამოცემა არსებითი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ. ორგანომ შეცვლილი მოცემულობის გათვალისწინებით ხელახლა უნდა შეაფასოს საჯარო და კერძო ინტერესები და სარეკრეაციო ზონის შენარჩუნების საჭიროება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 9 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2023 – 1 მარ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87¹1241265156¹16364191524565516
მითითებამნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…კულტურული მემკვიდრეობი…ომისა და თავდაცვის ძალ…წყლის შესახებადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა