1.ამ თავში განსაზღვრული საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების დებულებები გამოიყენება დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება არის საბაჟო კონტროლის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული საბაჟო პროცედურა, რომლის მიზანია: ა) ხელი შეუწყოს და წაახალისოს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, შეუფერხებლად განხორციელება; ბ) შეამციროს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან ამ ტერიტორიიდან გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურებში საქონლის გაშვებამდე განსახორციელებელი საბაჟო კონტროლის ხვედრითი წილი; გ) გაზარდოს საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების (საბაჟო საგუშაგოების) გამტარუნარიანობა; დ) გაზარდოს საბაჟო კონტროლის ეფექტიანობა.
3.სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელება. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის მიმართ საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო შემოწმებას ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული წესით.
4.საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმება მოიცავს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვებას (დათვალიერებას), კამერალურ საბაჟო შემოწმებასა და გასვლით საბაჟო შემოწმებას.
5.მიმდინარე კონტროლისა და დაკვირვების პროცედურები ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საკითხების მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV და XV თავების შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.საქონლის გაშვების შემდგომ საბაჟო შემოწმებასთან დაკავშირებულმა საბაჟო პროცედურებმა გონივრულ ფარგლებში არ უნდა დაარღვიოს დეკლარანტის საქმიანობის ჩვეული რიტმი და არ უნდა გააჩეროს მისი საქმიანობა.
7.ამ თავის მიზნებისთვის, სხვა ვალდებული პირი ნიშნავს საქართველოს საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს (იმპორტიორის ან ექსპორტიორის წარმომადგენელს, გადამზიდველს, საბაჟო საწყობის/დროებითი შენახვის საქმიანობის ნებართვის მფლობელს და სხვა პირს), რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან, საბაჟო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულებასთან, საბაჟო ვალდებულების შესრულებასთან) – გადასახადის გადამხდელს.
8.დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ან/და სასაქონლო პარტიის შერჩევა, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს კამერალური ან/და გასვლითი საბაჟო შემოწმება, ხდება რისკების მართვის საფუძველზე, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების შედეგად მიღებული ინფორმაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.
9.ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემა განისაზღვრება ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
10.საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307

