1.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საქართველოში არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნა) ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს; დ 1 ) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული სერტიფიცირებული შემფასებლის დასკვნა); ე) საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
1¹.300 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე, სააგენტოს სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური ბრუნვის შესახებ, რომლითაც დასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის წლიური ბრუნვა. 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი ვალდებულია, შეინარჩუნოს საკუთრების უფლება იმ უძრავ ნივთზე, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ან კანონის 21-ე მუხლის 1 3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დაცვით ჩანაცვლებულ უძრავ ნივთზე.
2.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი; ე) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4, ელექტრონული ფორმით; ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აპრილის დადგენილება №167 – ვებგვერდი, 05.04.2022წ.

