1.სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ვინაობის დადგენის მიზნით შეუმოწმოს პირს პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას, ან თუ ასეთი შემოწმება დაკავშირებულია მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან; ბ) მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, გაუწიოს მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; გ) გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების, აგრეთვე საქართველოს საზღვრების გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა; ზ) უზრუნველყოს სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა; თ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეების შესახებ, აღრიცხოს ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირები; ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და დაინტერესებულ უწყებებს აცნობოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ; კ) ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება; მ) უზრუნველყოს მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო ბრუნვის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა.
2.სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-დაკავება; ა 1 ) უზრუნველყოს დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება; ბ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, აგრეთვე საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. გ) პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში გამოიყენოს სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირების (გარდა უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისა) კუთვნილი: დ.ა) კავშირგაბმულობის საშუალებები – შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან აუცილებელი კომუნიკაციის დასამყარებლად; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალებები – შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დასაკავებლად. შენიშვნა: ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ვალდებულია კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს მათთვის მიყენებული ზიანი; ე) უზრუნველყოს კომპიუტერული მონაცემებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა.
3.სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აგრეთვე მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალებში განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა.
3¹.სამსახური უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სადაზვერვო მიმართულებით განახორციელოს: ა) სადაზვერვო საქმიანობა; ბ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა.
4.სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონით განსაზღვრულ უწყებებთან ერთად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, ოპერატიულად უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის და სახელმწიფო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის და სხვა მნიშვნელოვანი პირის დაცვა; გ) თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება; დ) უზრუნველყოს ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება.
5.სამსახური მასში შემავალი დანაყოფების ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების და დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ბრუნვის კონტროლის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი; ბ) გზებსა და შენობების გარე პერიმეტრზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სამსახურის ან/და სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა.
6.სამსახურის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4646 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3585 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3955 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
