1. პოლიცია პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
ა) სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) პირისთვის სათანადო სამართლებრივი და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღლესი თანამდებობის პირების უსაფრთხოების დასაცავად; მინისტრის მიერ დამტკიცებული წესისა და ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო ობიექტების დაცვის ფიზიკურად უზრუნველყოფა;
დ) შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ე) სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ბავშვთა მაწანწალობის, უმეთვალყურეობის თავიდან აცილების, არასრულწლოვანთა დამნაშავეობის აღკვეთის პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა და თავის საქმიანობაში არასრულწლოვანთა განსაკუთრებული თავისებურებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;
ვ) სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგება, მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა „სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამის“ შესაბამისად;
თ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პენიტენციური კოდექსის 125-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, იმავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში
„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მესაკუთრის (თუ დასტურდება ამ მობილურ საკომუნიკაციო აღჭურვილობაზე მისი საკუთრების უფლება) განცხადების საფუძველზე აღნიშნული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით მისი ძებნისა და საჭიროების შემთხვევაში მისი ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) ინიციირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება;
მ) ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნით შექმნილი დაქტილოსკოპიური მონაცემების გამოთხოვა და დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში შეტანა.
მნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებთავდაცვის კოდექსიქალთა მიმართ ძალადობის…
ინფორმაციული მიზნით — არ არის იურიდიული რჩევა.
2. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ:
ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:
ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას;
ა.ბ) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღასრულებს სოციალური მუშაკის მიერ მიღებულ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას;
ა.ბ
1
) აკონტროლებს მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად მოძალადის მიმართ დაწესებული ელექტრონული ზედამხედველობის აღსრულებას;
ა.ბ
2
) ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად მოძალადის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ახორციელებს მის ძებნას ქვეყნის მასშტაბით;
ა.გ) ასრულებს კანონით პოლიციისთვის დაკისრებულ სხვა მოვალეობებს;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს საცხოვრებელი სახლიდან/ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლებას/გამოყვანას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე,
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით
;
გ) სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშორებს პირს, რომელსაც არა აქვს ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, ან თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა, მას გამოკვლევის მიზნით წარადგენს საამისოდ უფლებამოსილ პირთან;
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის დაკავების აუცილებლობას ადგენს ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობს პირის სხეულიდან ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების კვალის გაქრობის/შემცირების საფრთხე) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/697 – ვებგვერდი, 22.11.2024წ.
ე) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ ინფორმაციას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა შესახებ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ, დაუყოვნებლივ რეაგირებს მათზე, აღრიცხავს სამართალდარღვევებსა და მათ ჩამდენ პირებს;
ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს:
ვ.ა) სასაზღვრო-პოლიციურ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს;
ვ.ბ)
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს (ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს);
ვ.გ) ტექნიკურ-კრიმინალისტიკურ გამოკვლევებს ოპერატიულ-სამძებრო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სხვა საქმეებზე;
ზ) ეხმარება შესაბამის უწყებებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების მოძებნაში, აგრეთვე იმ პირთა ძებნაში, რომლებიც თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შეკრებისა და მანიფესტაციის შეწყვეტასა და მათ მონაწილეთა დაშლას;
კ) მოსთხოვს პირს, დაიცვას კანონის მოთხოვნა და შეწყვიტოს სამართალდარღვევა, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
3. პოლიცია საგანგებო სიტუაციის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაში, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში; იცავს პირთა უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, აგრეთვე ხელყოფისაგან იცავს ქონებას, დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს აღმოუჩენს გადაუდებელ დახმარებას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო ან საომარი მდგომარეობისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვაში, ხოლო ეპიდემიისა და ეპიზოოტიის დროს – საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;
ბ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოებასა და მზადყოფნას, აგრეთვე პირადი (სამინისტროს) შემადგენლობის სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას;
გ) იღებს, ამუშავებს და შემდგომი რეაგირებისათვის უფლებამოსილ სუბიექტებს აწვდის შეტყობინებებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევების შესახებ.
4. პოლიცია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ფუნქციიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონაში, საქართველოს საზღვაო სივრცეში და საქართველოს იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ გემებზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირებას (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას), აგრეთვე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვას, არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და აღკვეთას, მიგრაციისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების შესრულებას, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას;
გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის საზღვაო სამართლის კონვენციით გათვალისწინებული „ცხელ კვალზე დევნის უფლების“ განხორციელებას.
5. პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად იღებს ზომებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
6. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად, პოლიცია:
ა) ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (შემდგომ − ცენტრალური ორგანო) შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ადგენს არასრულწლოვანის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს;
ბ) ცენტრალური ორგანოს შუამდგომლობის ან სასამართლოს ბრძანების საფუძველზე უზრუნველყოფს ცენტრალური ორგანოს მიერ საქმისწარმოების დაწყებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თავიდან აცილებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოს ხელს უწყობს არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოდან აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესში.
6
1
. პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები მოიპოვოს, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა):
ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად;
ბ) სამინისტროს იზოლატორში პირის განთავსებისას პირველადი სამედიცინო შემოწმების დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების მიზნით პოლიცია უფლებამოსილია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მოძიების ერთიანი სისტემის საშუალებით წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირებისა და მისი აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. იმავე მიზნით პოლიცია უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მოთხოვნა დანაშაულის შესაძლო ჩადენის გარეშე მართლზომიერი მფლობელობიდან სხვაგვარად გასული მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ფუნქციონირების შეზღუდვის (ბლოკირების) და მისი შეზღუდვის (ბლოკირების) შესახებ დაუყოვნებლივ შეტყობინების თაობაზე. პოლიციის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენის შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის უტყუარობის დასადასტურებლად საკმარისია მასზე კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
8. მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების, სატელეფონო ნომრისა და მისი მფლობელის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის ფაქტის დაფიქსირების დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის ამ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მიღების შემდეგ პოლიცია უზრუნველყოფს სატელეფონო ნომრის მფლობელის დადგენას, ამ კანონით დადგენილი წესით მის პოლიციაში მოწვევასა და გამოკითხვას, აგრეთვე სათანადო საფუძვლების არსებობისას მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის განმცხადებლისთვის გადაცემას. მოცემულ შემთხვევაში სატელეფონო ნომრის მფლობელის პოლიციაში გამოცხადება სავალდებულოა.
9. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს იმ სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა, რომელთა დაცვა შესაძლებელია განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2692 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3556 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3712 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.
საქართველოს 2015 წლის
8
ივლისის კანონი
№3922
- ვებგვერდი,15.07.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის
კანონი
№4627
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5454 - ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის
4 მაისის
კანონი
№765
- ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის
1
ივნისის
კანონი №960
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018
წლის 5 ივლისის
კანონი №3100
– ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5032 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5768 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6057 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6761 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1576 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3515 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4002 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/697 – ვებგვერდი, 22.11.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №276 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1403 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
თავი IV
საპოლიციო ღონისძიებები
პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები