1.სარჩელში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი; ბ) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; გ) დავის საგანი; დ) სარჩელის ფასი; ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; ზ) მოსარჩელის მოთხოვნა; თ) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი) არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობები: ი.ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი.ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზედაც არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს; ი.გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები; ი.დ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად; ი.ე) სხვა სახის შუამდგომლობები; კ) სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა; ლ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; მ) მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე; ნ) მოსარჩელის მოსაზრება დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვის თაობაზე.
1¹.სარჩელში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ასაბუთებს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
2.სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
2¹.სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი).
3.მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
3¹.სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
4.მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს სარჩელში საკუთარი, მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მისამართები.
5.სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე სპეციალური მოსარჩელე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1 საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

